რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა 507 “დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა; ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა. 508 “მიბრძანეს, თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ-სმა არად გვაგვა, ამათ ზედან წაგვითვლია. 509 «აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ». 510 “ვთქვი: «თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების». 511 “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: «ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!» მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ-რომელია». 512 “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა. 513 “დედოფალმან თქვა: «ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი?» შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რათგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი. 514 “გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი; შესთვალეს: «გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი». 515 “კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: «მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა! თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!» 516 “კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დაჰვედრეს, თუ: «ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად». მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად, გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა 517 “მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მომართვა, ეწერა: «ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად». 518 “შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით! ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით. 519 “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა. ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა. 520 “ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა, გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა. 521 “იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი; მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი. 522 “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული; მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული. 523 “მიბრძანა: «მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!» ვჰკადრე: «რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?» 524 “ვთქვი: «პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?» კვლაცა მითხრა: «რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა? დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა! 525 «შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი ჰრთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება! 526 «გახსოვს, ოდეს «ჰაის» ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუესა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს! რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს! 527 «ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა! 528 “ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!» ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქნა, აჰ-ყო. 529 თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად. აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად? ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?! 530 “შევჰხედენ, ვნახე სასთუმალს მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე, ავდეგ, მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვჰკადრე, თუ: «მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე, რათგან არ მომკალ, პასუხი ერთიღა გკადრო მე ბარე. 531 «რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქმნია». მან მიბრძანა: «რაცა იცი, თქვიო!», თავი დამიქნია. 532 “კვლაცა ვჰკადრე: «მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?! მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს! 533 «მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ: «მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა». 534 «მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა? არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?! ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა, ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა? 535 «ვთქვი: «ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო»; თავსა ვუთხარ: «ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!» მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!» 536 “სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა, თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?! 537 «არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა! მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა». 538 “მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული, ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული; ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული; მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი, ამითა გზებული. 539 “მიბრძანა, თუ: «გონიერი, ხამს აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!. 540 «კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ». 541 “მე ვჰკადრე: «ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა! რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა, ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა, არ, სახმარობა!» 542 “მიბრძანა, თუ: «ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს სიძე, მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. 543 «ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო, მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, - სისხლი კაცისა უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო? 544 «იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა, ჰკადრე, თუ: «სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!» 545 «ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა, ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა». 546 “ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა, მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შემოჭდომა, შემოხვევა. 547 “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯერ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”. ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა 548 “მოვიდა კაცი: «სასიძო მოვაო», მოსლვა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა. 549 “მიბრძანა: «ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია; კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია». 550 “მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი. 551 “მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია, შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახვისად ყმანია». 552 “მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არ აღვსებისა, შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა. 553 “მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა; შინა წამოვე მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: «ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა». 554 “ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად, დავჰმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: «ცრემლსა რასა ჰმილდი?» მითხრა: «შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი? გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!» 555 “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე; მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: «რასა სდგა? დღე გიჩანს წინ საომარე! ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!» 556 “მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუვჰყივლე: «აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!» შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი. 557 “ასსა ვუბრძანე მონასა: «საომრად დაემზადენით!» შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შევე, სასიძო ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით. 558 “კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე; ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე. 559 “ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი; წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი! 560 “კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: «აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა». არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა ცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა. 561 “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე. რა გათენდა ღამე დილად, ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად; ებრძანა, თუ: «ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად? 562 «ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე, ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!» 563 “მე შევუთვალე: «მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა? მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა, მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა! 564 «იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! - ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხდომია: ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამართლით ტახტი უჩემოდ არავის მისახდომია! 565 «ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?! 566 «შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე! ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!»“ ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა 567 “ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე. 568 “გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე. 569 იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით ვუხმე: «რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?» მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა, მითხრა: «ღმერთმა სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა». 570 “ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქვი მართალი!» კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი, დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი. 571 მერმე მითხრა: «მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე? მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!» 572 “მიამბო: «ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიზახნა: «მიხმეთო», ხმა-მაღლად გახმამყივარდა; მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა. 573 «ჰკადრეს: «აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან». მეფე ბრძანებს: «ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან. 574 «აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა! მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა! მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს ა». 575 “მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის. «ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის. 576 «დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: «თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან». მან ეგრე თქვა: «უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან». 577 «პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს; შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს. დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს: «ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს! 578 «როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქმნევინე? აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!» 579 «ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა. მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა 580 «რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა. 581 «მან უთხრა: «წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; წმიდისა წყალი ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია»; მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს: «იპი-იპია». ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია. 582 «ზღვათაკე გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა». დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა. 583 «რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა. 584 “მე ვუთხარ: «დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? - რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! - აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია». სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია. 585 “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: «ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა. - აჰა ჟამი, ვისცა გინა ჩემი თანა წამოყოლა!» 586 “შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული. 587 “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი, არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი. 588 “რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვთქვი, თუ: «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყო-ცა». 589 “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა! 590 “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი. მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა 591 “ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი; ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი; არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი; მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი. 592 “ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური. 593 “ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა; ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა. 594 «ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი; მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; შევსთვალე: «დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?» 595 “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა; ფიცხლად შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა, ვუთხარ: «დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა!» შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა. 596 “გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: «შენ ასეთნი ხენი ვით ჰხენ!» მერმე მითხრა: «მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ”. 597 “მე ვუთხარ: «დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა». თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა. მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა. 598 “ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა. მერე ვჰკითხე: «ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?» საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა. 599 “პირველ მითხრა: «არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო? ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო? რამან შექმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო? ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო? 600 «მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი; ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი, ცოტაა, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწდომელი. 601 «მამის ძმა და მამა-ჩემი პაპა-ჩემმან გაყვნა ოდეს, ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს; თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; მათკე დარჩა სანადირო, - არ მივსცემდი, მომერჩოდეს. 602 «დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკელი არ ვახშირე; სპათა ვუთხარ: «მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე!» ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.