Shota Rustaveli - შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი - 251-326 lyrics

Published

0 698 0

Shota Rustaveli - შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი - 251-326 lyrics

251 “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”. 252 ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი. წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი, აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი. 253 “მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე, არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე; შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე! 254 “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-სწბილდები» 255 ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა. 256 “ეგრე უთხრა: «ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე»; მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: «არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?» 257 “აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა, თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!» 258 ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი. 259 “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების; თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიჯერების; მოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების. 260 “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა. 261 “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა. 262 “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”. 263 ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება. ამას ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება, უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება. 264 ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა, ჟამად ღმერთმან, რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ ა; ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”. 265 ავთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა; ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა. 266 ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან; დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან. 267 ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები. 268 მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა; მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა. 269 ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი. 270 “რად დაჰბრუნდი? - მოახსენა, - მითხარ, რაცა წაგეკიდა!» მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და. 271 “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე, არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე, ვთქვი: «ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე»”. 272 ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად; მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად; მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად? 273 “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია, ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?» 274 უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა? ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა. 275 “ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”. 276 ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”. 277 ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”. 278 ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა”. 279 ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა 280 ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; “არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად, ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად. 281 გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად, რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად, ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად! 282 მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს, ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს, ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუმცა ლალად ღირდეს. 283 მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა. ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა: “თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”. 284 ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული; ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრული? მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”. 285 ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია, მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია. 286 “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია; თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია, გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია? 287 “შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით, გიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა მიდენით. 288 “ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ. მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ, ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ, ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ. 289 “ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია, ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია; აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია. 290 “მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა». სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა. არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?! 291 “აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა; ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა; მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა; მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა”. 292 ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი, იტყვის: “მახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი; ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი; მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი. 293 “რას მაქმნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით? თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით. რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით. 294 “მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე, ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე, თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე. ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას დავასახე! 295 “კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება, მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება; მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.» 296 “აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა! ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა, გარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა: ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!» 297 ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა? მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა! სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა. 298 “ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა; დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა; იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!» 299 ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების; მიკვირს, თუ: ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების! 300 “წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად! მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად”. 301 ასმათ უთხრა: “ცრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების! მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების! ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების, ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების. 302 “მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა; ნუთუ ყოს ღმერთმან გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა! თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა. არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”. 303 ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული; ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული! კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული. 304 “კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაც არა დანაბადია! მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია, კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია; აწ ლხინთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია. 305 “მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთით მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა: პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა, კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა”. 306 ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს; ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს! შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”. 307 ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”. 308 ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა; ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა. 309 მოთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!» ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ავთანდილთანა 310 “ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა; საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა! იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა. 311 “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი. 312 “მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი. 313 “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: «წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები”; ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები». 314 “ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა, შესთვალა: «შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა». 315 “ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა: «ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან. აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან». 316 “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა. თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა. მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა; სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა. 317 “თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: «ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!» ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა. 318 “ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა. ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემ ბრძანა: «შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა». 319 “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად. 320 “ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა. ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა; ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა; არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა-სმა შვილისა. 321 “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემნი მნახავნი: «მსგავსია ედემს ზრდილისა». აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა. 322 “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი; თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი! 323 “წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული - მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთვარე განცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა; ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა. 324 “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა. 325 “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!» 326 ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა. თქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

You need to sign in for commenting.
No comments yet.