Shota Rustaveli - შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი - 1-83 lyrics

Published

0 627 0

Shota Rustaveli - შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი - 1-83 lyrics

დასაწყისი 1 რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. 2 ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა. 3 ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა, - მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, - მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა? მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა. 4 თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული, ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული. მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული, ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული. 5 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა. 6 აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, - ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება; მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება, მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება. 7 მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი; მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი! დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი, აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი. 8 მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი: ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი; დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი, ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი. 9 ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები, ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები. 10 თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა! მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა. სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა. 11 რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს. 12 შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი, კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი; გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი. 13 ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა, რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა. 14 მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა, ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა. 15 მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი; თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი, მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო”, უცილობლობს ვითა ჯორი. 16 მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, - ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა. 17 მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად; ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად. მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად. 18 ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს. 19 ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია. 20 ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა. 21 მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან; ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან; მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან. 22 მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა; ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა, კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა. 23 მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა, სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა. 24 მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი, ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! გესმას ჩემი ნაუბარი! 25 ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში. 26 ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა; ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა. 27 არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა, თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა, დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა. 28 ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად “ჰაის” ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს, არსით უჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს. 29 მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს? ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს. რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს? რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს! 30 მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა: ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა?! თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. 31 თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა 32 იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი. მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი. 33 სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული. 34 მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია, გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია. 35 უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა; მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა. 36 “მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”. 37 ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა? ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა: მისივე ჰმეტობს ყოველსა სული ტურფა ფერობა. მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?! 38 “მაგას ნუ ჰბრაძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია, თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია; ხამს განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია: სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია. 39 “თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”. 40 ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა. 41 გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად! 42 რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა; თქვა: “ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!» 43 არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან; მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან. მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!» 44 მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა: ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა!» 45 თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა. 46 უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა, დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა. ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა. 47 მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”. 48 უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი, აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი. ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი! 49 “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების. 50 “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია; უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?! რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!» 51 ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა. 52 მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. მოართვეს. გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი. 53 მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავს საჭურჭლესა დადებულსა”. 54 უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!» მოიღეს, გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია. 55 ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა; რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა, არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა. 56 დღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა; მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. “ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?”, შექმნეს ამისი ცილობა. 57 თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია; ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია. თქვეს, თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?» 58 თქვეს, თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”. ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა? ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?» 59 ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა. ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა: 60 “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო; ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?» 61 რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა, გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?! “კარგა ჰქმენო, - დაუმადლა, წყალობანი უიმედნა, - ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა! 62 “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია. 63 “ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა; ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, - ვარ საწუთროსა თმობითა, - ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”. 64 ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?» 65 კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?» ყმამან ჰკადრა: ”მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო”. 66 უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!» ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა. 67 “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!» 68 - “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა. ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!» 69 ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!» 70 კვლა ბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად, თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, - ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, - ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”. 71 მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა 72 დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი. 73 შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს, ნაძლევისა მათისათვის ისროდეს ერთგან სრვიდეს. 74 უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!» დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა. 75 მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი: ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი. მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი! 76 ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს. მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს, რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს. მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს. 77 იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს. ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”. 78 იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია. ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია. იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია. 79 ერთმანერთსა, თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს. მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს, უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს”. 80 მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით; მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით, აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, - ვერად ვერ მოგეხმარებით, - ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით. 81 “ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია: არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია”. 82 მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა. 83 იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა. ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა. ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა. თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

You need to sign in for commenting.
No comments yet.