701 ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა; იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მისთა ნებისა თნებისა, რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?» 702 ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა, არ-დასაწვავისა; დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა. 703 “ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად; კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!» 704 მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ, შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა! 705 “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. მაშინ ჭირი ჩნდა ჩემზედა, აწ ასრე ლხინად უხვდების, რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების? 706 “შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა, ძებნა წამლისა მისისა, ცოდნა ხამს მართ უიცისა, ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მი, ცისა?» 707 ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, თუ გეახლო, ერთხლ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა! 708 “ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი! გული ძეს საგნად ისრისა, მესრვის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი; მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი! 709 “მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!» 710 ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი, მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ქმნა მისი საწადელი, ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი! 711 რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს! ვაი მოყვრისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს! 712 მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა. ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა. იტბვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, ჩემთა სისხლთა ხვრეტითა!» 713 ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს; რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ ადილებს. 714 სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად! 715 “ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!» 716 ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს, გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს. საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს! 717 ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების, ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების! 718 “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი, გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!» 719 რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დაიდვნა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი. 720 რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი. 721 მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა! ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა; მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა! 722 ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი! 723 ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა. 724 ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ აგდის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! რაც ა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა! 725 წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო, ცხადად ნახვასა არ ღირსვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!» 726 ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”. 727 კვლა იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება, მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება, ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!» დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი 728 რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!» დათმობასა ეაჯების გულსა: “შენ რა მოუგვარე!» ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე. 729 ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!» მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული. ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული. 730 ყრმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; თქვეს: “სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”. 731 დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს. 732 რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების. 733 “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სული არ ჰშურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა; ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა. 734 “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება, და; რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა. 735 “ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: «კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა»; ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა. 736 “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა! 737 “რაცა გითხარ ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, უსტასრასა: არ შეიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა სრასა! 738 “ჰკადრე: «ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ-შეუზრახემან? ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან! მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან, გული წამსავე წამიღო, - ვერათ ვერ შევინახე, - მან. 739 «აწ, მეფეო, უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების; გული მას აქვს გულოვანსა, აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგვხვდების; ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების. 740 «წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს. არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს!»“ 741 კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო; მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”. 742 ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია! შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ-საწყენია. 743 “თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს! შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს! არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს. 744 “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: «ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?! რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!» სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო. 745 “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ! რად გაგიშვან, რად მოტყუვდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ? შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ. ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”. 746 ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ხამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი, ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი, თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?! 747 “მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს. 748 “მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან! აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; ჭირნი, მისგან უნახავნი, კაცსა ვისმცა გარდუხდიან! 749 “აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს; ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს. 750 “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად; ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად; თქვი: რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!» 751 ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების; ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყვი: მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების”. 752 რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა, დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა. 753 მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით, დაყმუნვებული, უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?» მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმათ ამბავი გაკვირვებული. 754 “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა სდიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერ დაჰრიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.
755 რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა, კვლა მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა! მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”. 756 რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა; შეუზახნა: “რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა! ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა! 757 “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად. მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად! შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად! აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად! 758 “ხამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს, ოდენ სიტყვა უეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!» 759 კვლა უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი! წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!» 760 დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცთუნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!» ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა. 761 ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს; გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს; შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს. 762 თქვა: “ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!» 763 ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა; ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: “მადლი რა გკადრო, არ ვიცი, გავხასდი მე მაშა ვითა, ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!» 764 ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: - მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! - “ვინ, არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს, თქმულა: «ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს». 765 “ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა: რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა. 766 “მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია! შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ გამცუდებია”. 767 ყმამან უთხრა: “აღარ-წასლვა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს! 768 “უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა; ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა. 769 “მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების!» 770 მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი, უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი, მისნი მყოლნი აღ-ვე-ავსნა, მოყმენი თუ უნდა ბერნი. გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი. 771 შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან, სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცდარომან, სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან. კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან. 772 შესთვალა, თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”. 773 მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი; ასრე უნდა მოხმარება, გაჰვიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი 774 შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი. 775 იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულ-დგმული ვარ ვისგან ვინა; უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა! რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა! 776 “თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს; გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს, არას კაცსა არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს. 777 “სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა. 778 “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა; შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა. 779 “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქანამდის, კვლა გავლენა გააკვლადე. 780 “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების! შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”. 781 ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი! მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი. 782 “ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?! ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?!» ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსამცა ცრემლსა ჰღვრიდი. 783 “შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა, მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?! გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა! 784 “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად! 785 “რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს; არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს. მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს. 786 “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად! მას თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?! 787 “აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა; შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა, ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა”. ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე 788 დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: “ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად! ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად; შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად. 789 “ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა; მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა: «სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა». 790 “რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?! არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა. 791 “წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. «სიყვარული აღგვამაღლებს», ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ, შენ არ სჯერხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ! 792 “ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად. 793 “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვენების; მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების! 794 “რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა, სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა! 795 “არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა. 796 “რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად; თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად; მას რა ვარგო, ესე ჩემთვის დიდებად და კმარის დავლად. 797 “მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა. 798 “არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა. რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა?! 799 “რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა, შედრეკილ-შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა! 800 “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი! 801 “მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად: ცთების და ცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად; მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად. 802 “თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, - მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან. 803 “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები. 804 “რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წარსაგებლად! შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად. 805 “ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის, არას მარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის! 806 “გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, - ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, - ნუგეშინის-ეც წყალობით, ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა. 807 “გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა. აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა, სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!» 808 მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა, უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.