წიგნი ავთანდილისა
ფრიდონთანა
1318
დაწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო,
ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო,
მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!
1319
“ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა,
კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა;
მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა,
დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.
1320
“იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია.
მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუმცა გზა საომარია.
ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,
ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.
1321
“გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების,
სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების;
რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების,
არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.
1322
“აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე,
გზა-გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთვარე;
ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე,
ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.
1323
“ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია:
ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია!
ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია?
მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია”.
1324
ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან,
მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან;
შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან,
მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.
1325
მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა,
გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა;
მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მდუღარისა;
მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.
1326
ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა,
იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა!
რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა?
და-ცა-გვმარხენო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა!»
წასლვა ავთანდილისა
გულანშაროთ და ტარიელის
შეყრა
1327
გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა,
პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა;
მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა,
ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.
1328
მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,
ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა.
სულთქნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.
1329
აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა;
ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა;
უბრძანა: “გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა,
მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა”.
1330
რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი.
ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი,
უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი,
სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.
1331
ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: “იგი კლდენია,
სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია;
ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, უამბო, რაცა მსმენია,
არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!
1332
“თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა,
მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა;
სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო”, - იგონებდა, იხედვიდა,
ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.
1333
მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა,
მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სიხარულითა.
ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა:
შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.
1334
ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა;
შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ჰხლებოდა;
ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა,
შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლდებოდა.
1335
ხრმალი გატყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა.
ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა.
მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა,
ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.
1336
ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები:
- სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები,
ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, -
“რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები!»
1337
ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა;
გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;
ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა,
აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა”.
1338
ტარიელ უთხრა: “ჰე ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია,
ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, - ნახვა შენია;
სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია:
კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია!»
1339
რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა,
მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გაძლო, აუჩქარდა,
გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა.
რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.
1340
წიგნი და კიდე რიდისა იცნა გა-ცა-შალა მან,
პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან,
სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან.
მისნი ვერ გაძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.
1341
ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა,
შეფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა,
ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა;
მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.
1342
ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა,
ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა;
გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა,
მუნით წყარონი გამოჩნდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერითა.
1343
პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა:
“რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა;
წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!
ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.
1344
“მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა?
თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა!
ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა,
თქმულა: «სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!»“
1345
უცნობო-ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად.
ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად,
მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად,
მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.
1346
ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა;
ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა,
თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა.
ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.
1347
ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,
მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, -
სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.
1348
აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,
ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,
მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისი მტერია!
1349
ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკლველისა მისისა,
იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა;
დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა.
ავთანდილ ადგა, დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა.
1350
იტყვის, თუ: ”ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად,
აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად;
ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისად!
ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.
1351
“ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ,
მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ,
ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ,
უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.
1352
მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა.
შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა,
მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა;
ვინ ღირს ა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!
1353
ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა:
“მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!
ვითა ზე-მთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა,
დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა.
1354
“მე ვერა გიყო, ნაცვალი, ღმერთი გარდგიხდის ციერი,
ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემ-მაგიერი!»
შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი;
აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.
1355
ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი.
შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, -
ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, -
მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი პერანგოსანი.
1356
აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა,
აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა.
ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთრვალისა,
არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა.
1357
მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით:
“ჰე ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით:
ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი ვქმენით,
აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!»
1358
ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად;
მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად,
ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად:
“რა ჰქმენო, რა სცან, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად”.
1359
ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა,
ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა;
უთხრა, თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა;
მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.
1360
ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა,
გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა,
ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა;
იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის? არსმცა ამისი მრთელობა!»
1361
ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია;
ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,
მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,
ბოროტსა სძლია კეთილმან, - არსება მისი გრძელია!»
1362
ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა;
ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა;
ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა.
კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.
1363
ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: “გვიყოო, რაცა სჯობდა;
აწყა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა”.
ინდოთ მეფე მხიარული ხელ-განპყრობით ამას ხმობდა.
ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.
1364
ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები,
გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები:
მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები,
მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები.
1365
“მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია;
მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია”.
ეამა, ადგნეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია,
დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.
1366
პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა,
მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა,
ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა;
ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა?!
1367
იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი.
პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი;
მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,
შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ-გახსნილი.
1368
ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,
ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხრმალი ბასრისა, მჭრელიო;
თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო!
უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო”.
1369
კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,
რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:
ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, -
ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.
1370
თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან,
ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;
ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან,
მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.
1371
თქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა;
ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმოთ მონახედითა”.
აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა,
თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.
1372
ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები;
გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები.
ავთანდილ თქვა: “ამას იქით დავამაგრო ხრმალთა ნები,
ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.
1373
აქა, მხატვარო, დახატენ ძმათ უმტკიცესნი ძმობილნი,
იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი,
ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი;
რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი.
ტარიელისა და
ავთანდილისაგან წასლვა
ფრიდონისასა
1374
რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,
ნურადინის ქვეყანამდი შეისვიან მათ უკანა;
მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;
ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა!
1375
იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;
ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა.
მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა,
მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა!
1376
“ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად,
გამოემართვის საომრად, ველთა სისხლითა დაღებად,
ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად, -
ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად”.
1377
დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა.
მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა;
უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა?
ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა”.
1378
მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს.
მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს:
“გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!»
ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.
1379
შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა.
ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა.
იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზრვიდა;
დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.
1380
რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: “ვნახეო, ვინცა მინა”.
მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა;
ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!»
1381
ფრიდონ ფიცხლად გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის-სცა.
იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა.
ფრიდონ ღმერთსა ხელ-აღპყრობით უსაზომო მადლი მისცა;
დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.
1382
ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე,
მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!»
ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე,
ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.
1383
ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა.
ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა;
ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა;
მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.
1384
უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია,
მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”.
მან დასვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:
“ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.
1385
გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;
აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,
დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა,
თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.
1386
უთხრა, თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, -
ჰგავს, მოსწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა,
მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წასლვა სჯობს გზისა გრძელისა,
თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.
1387
“დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი;
სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი;
ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,
მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო, ტანი.
1388
“ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების;
ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების;
თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების,
მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.
1389
იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა.
მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.
თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა.
ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.
1390
ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა;
ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა.
ფრიდონ თქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა,
აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.
1391
ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან:
რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან;
მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან,
გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.
1392
გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.
მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია;
თქვეს:”ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია;
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.
თათბირი
ნურადინ-ფრიდონისა
1393
ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია:
ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ-ჟამი საკვეხარია,
ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.
1394
“ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მწვრთიდიან;
ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან,
ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.
1395
“აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა,
მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა,
თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.
1396
“აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად გატანა ფარისა;
შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,
ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა!
თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.
თათბირი
ავთანდილისა
1397
ავთანდილ უთხრა: “ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან:
ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან;
სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ-ივიან,
მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან?!
1398
“რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება,
გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება;
წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება,
ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება.
1399
“სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა,
ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,
სავაჭროდა მოვეკაზმვი, საქმესა ვიქმ მე მუხთალსა,
ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.
1400
“სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები;
მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები,
მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები,
ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!
1401
“შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი, მსგავსად გმირისად;
კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად.
თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.
თათბირი ტარიელისა
1402
ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,
თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა,
კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.
1403
“მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.
1404
“მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები;
მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები.
1405
“ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა”.
1406
ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა:
მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კარსა ვერა;
ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა”.
1407
ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა.
ამას ზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,
ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,
გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.
1408
კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები,
დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:
გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,
ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.
1409
იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა;
დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.
1410
ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.
1411
თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია,
მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია;
მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.
აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელნი ომნია!
1412
სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები;
თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.
მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები,
გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.
1413
პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,
მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;
გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,
მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.
1414
ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.
რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი.
სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი,
იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.
1415
მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა:
კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა;
მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა,
ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.
1416
კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,
აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.
სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახნეს კაფისა,
რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.
1417
ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს,
მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს,
უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,
თქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?”, მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.
1418
ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა.
ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;
მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,
ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტერისა.
1419
ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,
თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,
ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული,
ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული”.
1420
გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,
მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.
1421
ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.
მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.
1422
მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.
კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი.
აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბნეს სამნივე ძმობილნი,
მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.
1423
მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,
აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა,
მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა,
ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.
1424
ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს;
არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,
თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.
1425
სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;
ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ცალ-კერძ უხაროდა;
მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა,
რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!
1426
მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები;
სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,
თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,
იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.
1427
სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,
წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია;
ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,
თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.